თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
სების განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ივლისის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
სებში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სები რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ხოლო ივნისში 266 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა 879.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივლისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-ს (757 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 257 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს.