თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

თურნავამ ისაუბრა დაზღვევის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი საკითხია.

მან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე აღნიშნა. 

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია, მრავალფეროვანი პროდუქტები და გათვითცნობიერებული მომხმარებელი ეკონომიკის მდგრადად და გამართულად ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილია. "დაზღვევის პროდუქტები არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები. მისი მეშვეობით ფინანსური დანაკარგების რისკები იცვლება წინასწარ პროგნოზირებად შედეგად, რაც მეტ სტაბილურობას და ნდობას ქმნის ფინანსურ ბაზარზე“

ნათია თურნავამ ისაუბრა საკრედიტო რისკების დაზღვევის მექანიზმზე. ცვალებად გარემოში, როცა ადგილობრივი ეკონომიკა მუდმივ ცვლილებებსა და გაურკვევლობას აწყდება, საკრედიტო რისკების დაზღვევა განსაკუთრებულად აქტუალური და საჭირო გახდა.  

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სადაზღვევო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში “დაზღვევის შესახებ” პირველ კანონს 1997 წლის 2 მაისს მოეწერა ხელი, დაზღვევის დღე ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2022 წლის 2 მაისიდან აღინიშნება.