თბილისი (GBC) - ევროპის კავშირის მარეგულირებელმა TikTok €530 მლნ-ით დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს

Reuters-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საკუთრებაში არსებულმა TikTok-მა ვერ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ევროპის კავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, როგორც ამას ევროპის კავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

კომისიის დადგენილებით, მიუხედავად იმისა, რომ TikTok ოთხწლიანი გამოძიების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპის კავშირის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთში არსებულ სერვერებზე არ ინახავდა, გასულ თვეში კომპანიამ გაამხილა, რომ თებერვალში აღმოაჩინა ჩინეთში შენახული მონაცემთა შეზღუდული რაოდენობა, რაც წაიშალა.

კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო მოვლენებს სერიოზულად უდგებიან.

ინფორმაციისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც TikTok ევროკავშირის მთავარი ორგანო – ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია დარღვევებში ადანაშაულებს.

2023 წელს სოციალური ქსელის პლატფორმა ევროკავშირში ბავშვების მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის დარღვევისთვის €345 მლნ-ით დააჯარიმეს.

TikTok“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პლატფორმა, რომელსაც ევროკავშირში 175 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდაა აღნიშნავს, რომ მას არასდროს მიუღია ჩინეთის ხელისუფლებისგან ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა და არასდროს გადაუცია ისინი მისთვის.

„ეს დადგენილება პრეცედენტის შექმნის რისკს შეიცავს შორს მიმავალი შედეგებით ევროპაში კომპანიებისა და მთელი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც გლობალური მასშტაბით მუშაობენ“, – ვკითხულობთ TikTok-ს განცხადებაში.