თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.
ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა ოთხშაბათს დაიწყო.
მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.
ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.
მომდევნო დღეებში სსფ-ს მისია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკების და სხვა დეპარტამენტებთან.
ვიზიტის დასასრულს მისია შემაჯამებელ შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართავს.
სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-სთან შეუთანხმებელი საკითხების არარსებობაზე გასულ კვირას, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ჩათვალა, რომ ღია საკითხები ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარს.
როგორც გახსოვთ IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამა, 36 თვის ვადაში შესასრულებელ ვალდებულებებზე იყო მიბმული.
ფონდს კითხვები ჰქონდა სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე, რომლის კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო
ეს იყო 2023-ის თებერვალში, ივნისში კი პარლამენტი საკითხს მიუბრუნდა (რუსული კანონის მსგავსად, თუმცა განსხვავება იყო დროის ინტერვალში 1 წლიანი და ნახევარწლიანი) ვეტო დაძლია და თურნავა I ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ამას დაერთო, თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე საგამონაკლისო წესის მიღება, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ფარცხალაძის დასანქცირებას დაუკავშირეს.
მე-3, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხი იყო.