თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ, სათაურით: "უზბეკური სუმი – რამდენად მიმზიდველია ინვესტირება?". საინვესტიციო კომპანიის მთავარი ეკონომისტი წერს, რომ გასული წლის ოქტომბერში, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების ახალი სერიის ფარგლებში, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირება იყო, უზბეკურ სუმსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე ისაუბრა. გამოყო ადგილობრივი ვალუტის განსაკუთრებით შედარებით გრძელვადიანი პროდუქტების მიმზიდველობა, თუნდაც აშშ დოლარში გაანგარიშებით.

ამჯერად, თიბისი კაპიტალს სურს დაუბრუნდეს აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და შეაფასოს, რამდენად მართებული გამოდგა მისი თავდაპირველი პროგნოზები.

საინვესტიციო კომპანია მკითხველს შეახსენებს, რომ კვლევის ფარგლებში გაანალიზებული მაკროეკონომიკური ფაქტორები მოიცავდა საგარეო სექტორს, დაკრედიტებას, ოქროსა და სხვა სასაქონლო პროდუქტების საერთაშორისო ფასების დინამიკას, ინფლაციას, აშშ დოლარისა და სხვა ვალუტების გაცვლითი კურსებისა და საპროცენტო განაკვეთების ანალიტიკას. პუბლიკაციის თარიღთან შედარებით:

  • უზბეკური სუმი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა;
  • ინფლაცია, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდა;
  • კრედიტის ზრდა ნორმალიზდა, ხოლო დეპოზიტების ზრდის ჩამორჩენა აღმოიფხვრა;
  • საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შემცირდა;
  • საგარეო სექტორის ბალანსი გაუმჯობესდა. 

"საილუსტრაციოდ, ოქტომბერში სუმის 1-წლიან კერძო საბანკო დეპოზიტში ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელი სარგებელი აშშ დოლარში, დაახლოებით, 24.3% იქნებოდა. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - გლობალურად სუსტი დოლარის შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებაც კი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ადგილობრივი ვალუტის, განსაკუთრებით, გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტები მიმზიდველი რჩება. ამ მოსაზრებას, პროგნოზებთან ერთად, ამჯერად მოვლენების ფაქტობრივი განვითარებაც ამყარებს", - წერს თიბისი კაპიტალი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე