თბილისი (GBC) - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ გულწრფელად იმედოვნებს, „ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება". ელჩმა ამის შესახებ "საქართველოს უნივერსიტეტის" უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციის - „ევროპა არის…? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“ კულუარებში ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ დასძინა, რომ ევროპის მომავლისადმი მიძღვნილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებისთვის "საქართველოს უნივერსიტეტის" მადლიერია. 

"ძალიან მადლიერი ვარ, რომ "საქართველოს უნივერსიტეტმა" ევროპულ საკითხებზე მომუშავე წამყვანი მკვლევრებისა და მეცნიერების შეკრება მოახერხა. როგორც იცით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ ევროპასაც სჭირდება ცვლილება, ევროპას სჭირდება ადაპტაცია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ, თბილისში, წამყვანი მკვლევრები და მეცნიერების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იქნება ევროპის მომავალი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმის გაზიარებაც შემიძლია“, - თქვა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება.

როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთ-ერთ ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი ადაპტაცია უნდა მოახდინოს ევროპამ საერთაშორისო კონტექსტში“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ "წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს".

ელჩის თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობით სარგებლობს.

"ჩვენ ქართველებს ევროპაში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაძლებლობა გავუზიარეთ. სამი წლის წინ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადი შეიტანა და ჩვენ მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მივანიჭეთ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ერთი წელია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ მიმდინარეობს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის ბოლოს მიიღო, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ კი კანდიდატის სტატუსი ევროპის კავშირმა გააჩერა.

მას შემდეგ, თითქმის 200 დღეა გასული. ამ დროის განმავლობაში თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია აღარ აპირებდა „2028 წლამდე“, დღის წესრიგში დაეყენებინა ევროპის კავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა კანონები - შეკრებებზე აკრძალა ლაზერული სანათების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შემზღუდველი კანონები, მათ შორის FARA (უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი), რომლის შეფასებისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი ამბობენ, რომ "საქართველოს FARA დემოკრატიისთვის სერიოზული უკან დახევაა“. Facebook სტატუსების გამო მოქალაქეებს იბარებენ სასამართლოში.

საპროტესტო აქციების დაწყების პირველ კვირებში, აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენ გაზს. მოქალაქეები თავის დასაცავად და აქციაზე დასაბრუნებლად იყენებდნენ სპეციალურ აღჭურვილობას.

ნიღბიანი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც არ ხდება, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, მათ ნაწილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

აქციაზე დაშავდა სულ მცირე 70 ჟურნალისტი.

სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია 60-მდე მოქალაქე.