ერევანი (GBC) - საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხურ-ევროპულ ურთიერთობებში, თუმცა ერევანი შეშფოთებულია მეზობელ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირები ძმურია და ასეთადვე დარჩება.

სააგენტო Armenpress-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარს ეხებოდა. კობახიძის თქმით, უცხოელი პატრონები და ადგილობრივი ჯგუფები სომხეთთან საქართველოს დაპირისპირებას ცდილობენ.

„რაც შეეხება საქართველოს, ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისსა და ერევანს შორის პარტნიორობა დამოუკიდებელია ნებისმიერი გარე ფაქტორისგან და მას მესამე მხარეები ვერ განსაზღვრავენ.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს არაფერი აქვს საერთო მესამე მხარესთან ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.