თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ გააკეთა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაული 2024 წლის აპრილში მოხდა, როდესაც ლევან ახობაძე სუსის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საქმის მასალების მიხედვით, ახობაძისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი). მოქმედი კანონმდებლობით, 100 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის არასწორი დეკლარირება 10%-იან ჯარიმას ან თანხის სრულად ჩამორთმევას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა მეწარმეს თანხის დაბრუნებაზე უარი უთხრა, ახობაძე მას შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა და დახმარება აღუთქვა.
მოლაპარაკებების შედეგად, ბიზნესმენმა 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით კუთვნილი თანხა დაიბრუნა, რის შემდეგაც სუსის მაღალჩინოსანმა დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა. თუმცა, საქმეში არსებული ჩვენების მიხედვით, უწყების იმჟამინდელი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით მოთხოვნილი თანხა განახევრდა და მეწარმემ შუამავალს 250 000 ლარი გადასცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ქრთამი ახობაძემ იმავე დღეს, საკუთარ სამუშაო ოთახში მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.