თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ორი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ფუძნდება. შესაბამის დადგენილებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 18 ივნისს მოაწერა.

მთავრობის განკარგულებით, იქმნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტო და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო. ორივე უწყებაზე სახელმწიფო კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.

დადგენილებების მიხედვით, დარგობრივმა მინისტრმა უახლოეს პერიოდში უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოების დებულებების დამტკიცება და ხელმძღვანელების დანიშვნა. სამართლებრივი აქტები ძალაში მიმდინარე წლის 20 ივლისიდან შევა.

ამ ეტაპზე სამინისტროში ზუსტდება ახალი სსიპ-ების შექმნის კონკრეტული მიზეზები, სტრატეგიული მიზნები და ბიუჯეტის მოცულობა, რომელიც ახალი სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის გამოიყოფა.