თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10.4 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3.1 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 19.8%-ით), ხოლო იმპორტი $7.3 მლრდ-ს (შემცირდა 1.9%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მაისში $4.2 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი - $355.2 მლნ
  • ჩინეთი - $327.5 მლნ
  • აზერბაიჯანი - $269.3 მლნ

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი - $1.16 მლრდ
  • რუსეთი - $983.4 მლნ
  • ჩინეთი - $849.7 მლნ

2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი - $1.38 მლრდ
  • რუსეთი - $1.23 მლრდ
  • ჩინეთი - $1.17 მლრდ

2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $734.6 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 23.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $366.6 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 11.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $255.6 მლნ-ით (8.2%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $1.25 მლრდ და მთელი იმპორტის 17.1% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $635.5 მლნ-ით (იმპორტის 8.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები $295.9 მლნ-ით (იმპორტის 4%).