თბილისი (GBC) - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო, რის საფუძველზეც, 8 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მიესაჯა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ნიკა გვარამია და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

"წულუკიანის კომისიის" სხდომაზე არმისვლის გამო უკვე 8 პოლიტიკოსია დაკავებული, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელსაც 7-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ასევე, გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი (დააკავეს 24 ივნისს, პატიმრობის ვადა - 7 თვე); მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ნიკა მელია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 29 მაისს/პატიმრობის ვადა - 8 თვე); ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 22 მაისს/ პატიმრობის ვადა - 7 თვე); ირაკლი ოქრუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი (დააკავეს 14 მაისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის).