თბილისი (GBC) - განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. სამადლობელი და გამოსამშვიდობებელი განცხადება სამინისტროს Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.

მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.

მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა“, - ნათქვამია წულაძის განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.