თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს თითქმის გამარჯვებას აცხადებდა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ნაკლებად საუბრობდა, როდესაც ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინთან ორდღიან სამიტს ასრულებდა. ამის შესახებ POLITICO წერს.
ჩინეთის ლიდერის გვერდით, ოქროსფერი ხალიჩით გაწყობილ მდიდრულ შეხვედრების ოთახში მჯდომმა ტრამპმა განაცხადა, რომ მან ორივე ქვეყნისთვის „ფანტასტიკური“ სავაჭრო გარიგებები უზრუნველყო და პროგრესს მიაღწია ძალისხმევაში, რათა სის დახმარება მოეპოვებინა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ეს იყო წარმოუდგენელი ვიზიტი, - თქვა მან. – ვფიქრობ, აქედან ბევრი კარგი რამ გამოვიდა“.
POLITICO წერს, რომ ტრამპმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინა და მისი ბაღები დაათვალიერა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდა. ის ცდილობდა, ამ ვიზიტსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ძალიან ოპტიმისტურად ელაპარაკა. ეს ოპტიმიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრის წინ, როდესაც სი ძინპინი აშშ-ს ეწვევა და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ჩვენ მოვაგვარეთ უამრავი პრობლემა, რასაც სხვა ადამიანები ვერ შეძლებდნენ და ეს ურთიერთობა ძალიან ძლიერია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ჩინეთმა, რომელიც როგორც ირანის მოკავშირე, ისე მისი ნავთობის მსხვილი მყიდველია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა მხარეებს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული ომის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ.
„მნიშვნელოვანია ნაოსნობის ხაზების რაც შეიძლება სწრაფად გახსნა, რათა ვუპასუხოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას და ერთობლივად შევინარჩუნოთ გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა და შეუფერხებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და სი ძინპინი ირანთან დაკავშირებით „ძალიან მსგავსად ფიქრობენ“.
ხუთშაბათს, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთის ლიდერს „სურს იხილოს შეთანხმება“ აშშ-სა და ირანს შორის და მან დახმარებაც კი შესთავაზა ამის მისაღწევად, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მსგავს შეთავაზებაზე არაფერი იყო ნათქვამი.
ტრამპი, კაბინეტის ოფიციალური პირებისა და ბიზნესლიდერების დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის დატოვებას პარასკევს გეგმავდა.