თბილისი (GBC) - სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება დღეს, 16 მაისს დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ 16 მაისის ღამეს, სტამბოლში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე დილის 10:00 საათიდან დაელოდებიან.
„ჩვენ მზად ვართ სამუშაოდ“, – თქვა მედინსკიმ.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მაისს დანიშნა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
სტამბოლში რუსეთის დელეგაციას კი თავად მედინსკი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.
უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება 15 მაისს უნდა დაწყებულიყო.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
ზელენსკიმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ", შემდეგ კი დასძინა, რომ "კრემლის ლიდერმა თავისი ლიდერობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს და თუ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებია საჭირო რაიმე პირობებისა და მსგავსის გარეშე".
გუშინ, 15 მაისს, ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთი უკვე დატოვა.