თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხი ახალი სანქციების ფართო პაკეტით გაამკაცრა, რითაც კანადაში G7-ის სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი კოალიცია კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30–პუნქტიანი სანქციების პაკეტი რუსეთის ფინანსურ, სამხედრო და ენერგეტიკულ სექტორებზე გავრცელდა. “მისმა (პუტინის. რედ.) უარმა, სერიოზულად ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კიდევ უფრო გააძლიერა დიდი ბრიტანეთის მზადყოფნა, ეკონომიკური ზეწოლით მაქსიმალურად შეასუსტოს რუსეთის ძლევამოსილება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი სანქციები კიდევ უფრო ამკაცრებს კონტროლს პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“, მათ შორის 20 ტანკერზე, რომლებითაც ჩრდილოვან ნავთობს ყიდის.
გაერთიანებული სამეფო აგრეთვე ამკაცრებს ზეწოლას იმ პირებზე და ორგანიზაციებზე, ვინც პუტინის ნავთობით არალეგალურ ვაჭრობაში მონაწილეობს — სანქციები შეეხო Orion Star Group LLC-სა და Valegro LLC-FZ-ს, რომლებიც ჩრდილოვანი გემების მენეჯმენტსა და ეკიპაჟების მართვაში არიან ჩართული.
ქმედებები ასევე მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვას — მათ შორის, სანქცირებულია სამხედრო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის წყალქვეშა სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებაზე (GUGI). განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უწყება საფრთხეს უქმნის წყალქვეშა საკაბელო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და მისი შეზღუდვა პირდაპირ უკავშირდება გაერთიანებული სამეფოს შიდა უსაფრთხოებას.
გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის რეზიდენტები — ვლადიმირ პრისტუპა და ოლეგ ტკაჩი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ჩრდილოვანი კომპანიების ქსელის მართვაში. მათი საშუალებით რუსეთს მიეწოდებოდა $120 მლნ-ზე მეტი ღირებულების ელექტრონიკა — მათ შორის, ისეთი საქონელი, რომელიც რუსეთს „უმაღლესი პრიორიტეტების“ სიაში აქვს შეტანილი.
ეს პირები ცხოვრობენ და ბიზნესს აწარმოებენ დიდ ბრიტანეთში. ისინი რუსეთს აწვდიან მაღალი ტექნოლოგიის მქონე ელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებიც კრიტიკულია პუტინის სამხედრო ძალისთვის. “გაერთიანებული სამეფო არ შეეგუება იმ პირებს, ვინც პუტინის უკანონო ომში მონაწილეობს ან ხელს უწყობს მას და დღევანდელი სანქციები მკაფიოდ აჩვენებს, რომ დამალვის ადგილი არ არსებობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ეს სანქციები პუტინის საომარ მანქანას პირდაპირ გულში ურტყამს და უზღუდავს მას ომის გაგრძელების შესაძლებლობას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სანქციები ძლიერ შედეგს იძლევა, ამიტომ სანამ პუტინი მშვიდობას აიგნორებს, ჩვენ არ შევწყვეტთ წნეხის გაძლიერებას. რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხე ვერ შეგვაფერხებს - მზად ვარ ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად”, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი.
გაერთიანებული სამეფო ასევე გეგმავს პარტნიორებთან ერთად ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გამკაცრებას, რათა კიდევ უფრო შეამციროს რუსეთის შემოსავლები ნავთობიდან და ამავდროულად შეინარჩუნოს ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობა. “ჩვენ მზად ვართ, დავარტყათ იქ, სადაც პუტინს ყველაზე მეტად სტკივა — ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომელიც მისი ბარბაროსული ომის მთავარი ფინანსური წყაროა“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი.