თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიების ხუთი წარმომადგენელი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ₾3.5 მლნ-ზე მეტი სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლება.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულთა შორის არიან შპს „Aladashvili & co“-ს, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების - „გიდს“, „ბადეს“ და „ალიონის“ დირექტორები და ერთი თანამშრომელი.
გამოძიების ვერსიით, 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და თბილისის ოთხი რაიონის (ისანი, ჩუღურეთი, მთაწმინდა, კრწანისი) გამგეობებს შორის გაფორმდა 12 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 26.5 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნული შესყიდვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო კვებით მომსახურებას ითვალისწინებდა.
სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულები 14 451 ბენეფიციარს არაჯეროვნად ემსახურებოდნენ და დოკუმენტაციის გაყალბების გზით, სახელმწიფოს კუთვნილ 3,529,000 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
„კომპანიის დირექტორი ქვეკონტრაქტორებთან ერთად არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს (თაღლითობა დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, რომ აგრძელებს მუშაობას მსგავსი დანაშაულების პრევენციის მიზნით და მოუწოდებს მეწარმეებსა და საჯარო მოხელეებს საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელებისკენ.