თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $2.59 მლრდ შეადგინა, რაც 14.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა და $1.16 მლრდ-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია:

  • რუსეთი ($229 მლნ)
  • ჩინეთი ($121.1 მლნ)
  • თურქეთი ($120 მლნ)

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $136.5 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $97.2 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $82.2 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7%).