თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 132 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.9% – შიდა ქართლის რეგიონში, 18.2% – ქვემო ქართლის რეგიონში, 17.4% – კახეთის რეგიონში, 13.6%– იმერეთის რეგიონში, 9.8% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 22% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2025 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 511.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 32% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 68% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 351.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2025 წლის განმავლობაში 65 279.8 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 33.4% – ფრინველის, 35.9% – ღორის, 0.6% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2025 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 9 436.9 ტონა, საიდანაც 29.9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 6.9% – ფრინველის ხორცზე, ხოლო 62.6% – ღორის ხორცზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 29 ათას პირს, საიდანაც 51.3% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 1 094 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.2 ლარი, ცხვრის ან თხის – 13.6 ლარი, ღორის – 33.8 ლარი.

სასაკლაოების თითქმის ნახევარი (47%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.5% აღჭურვილია ნაწილობრივ, 7.6% კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 65.9% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 34.1%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით. სესხით მოსარგებლეთა 57.8%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 28.9%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.3%-ს – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.

2025 წელს საქართველოში 445 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (60.7%) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია: თბილისში (10.1%), კახეთში (7.9%), ქვემო ქართლში (4.9%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (4.5%), იმერეთში (4.5%), აჭარის არ-ში (3.1%), სამცხე-ჯავახეთში (1.8%), გურიაში (1.3%), მცხეთა-მთიანეთში (0.9%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (0.2%) რეგიონში.

2025 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 533 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 531 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 2 168 კაცით განისაზღვრა.

2025 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 381.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 34.6% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 21.2% – პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 16.2% – თევზეული, 15.6% – ხილი და ბოსტნეული, 6.9% – რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 5.5% ეკავა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2025 წლის განმავლობაში შესყიდულია 105.5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ ₾27.3 მლნ შეადგინა.

2025 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია ₾901 მლნ-ის ღირებულების (118.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (46.5%) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 39.8% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას რძის პროდუქტები (29.1%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (26.9%), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (14.8%) და თევზეული (11.6%) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 3% (ღირებულების მხრივ), რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (52.9%) და ხილ-ბოსტნეული (39.7%) წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 55.6%-ს, თებერვალში – 49.2%-ს, მარტში – 43.3%-ს, აპრილში – 46.4%-ს, მაისში – 47.4%-ს, ივნისში – 59%-ს, ივლისში – 55.1%-ს, აგვისტოში – 51.8%-ს, სექტემბერში – 49.8 პროცენტს, ოქტომბერში - 59.7 პროცენტს, ნოემბერში – 57.4%-ს, ხოლო დეკემბერში – 50.4%-ს.

სამაცივრე მეურნეობების 66.3% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 30.3% – ნაწილობრივ, ხოლო 3.4% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 61.3%.

სესხით მოსარგებლეთა 39.6%-ს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 56.4%-ს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 4%-ს – როგორც ძირითადი, ისე  საბრუნავი კაპიტალისათვის.

2025 წელს საქართველოში 36 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (36.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (19.4%) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 13.9% ფუნქციონირებდა კახეთის რეგიონში, 11.1% – შიდა ქართლის რეგიონში, 8.3% – იმერეთის რეგიონში, 8.3% - თბილისში, 2.8% კი – გურიის რეგიონში.

2025 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 425 კაცით განისაზღვრა.

2025 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 500.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 62%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 22%-ს – სოიოს შროტი, 7%-ს – სიმინდი, 5.1%-ს – ხორბლის ფქვილი, დანარჩენ პროდუქციას კი უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2025 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია ₾293.4 მლნ-ის ღირებულების 275.9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 54.3% (ღირებულების მიხედვით) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა ₾4.5 მლნ შეადგინა.

ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის ღირებულების 78.1%) და ქატო (13.9%).

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 50.1%-ს, თებერვალში – 51.4%-ს, მარტში – 47.1%-ს, აპრილში – 45.6%-ს, მაისში – 45.2%-ს, ივნისში – 45.8%-ს, ივლისში – 51.8%-ს, აგვისტოში – 51.9%-ს, სექტემბერში – 52.6%-ს, ოქტომბერში – 49.7%-ს, ნოემბერში – 49.5%-ს, ხოლო დეკემბერში – 46.5%-ს.

ელევატორების 41.7% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.9% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 19.4% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობს ელევატორების 38.9%. სესხით მოსარგებლეთა 35.7%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 42.9%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, 21.4%-ს – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის.