თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.94 მილიონი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 452) და დადებითი მიგრაციული სალდო (17 127). 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 62.7% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 62.9%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 18.1%-ს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1.88 მილიონი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 2.05 მილიონი ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
საქსტატის მონაცემებით, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 50 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 50 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
2025 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობამ შეადგინა 76 წელი, მათ შორის კაცებისათვის – 71.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 80.6 წელი.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 3.2%-ით შემცირდა და 131 501 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების, ისევე, როგორც ემიგრანტების 85.9%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2025 წელს, იმიგრანტების 47.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 51.4%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.