თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $9.79 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $2.59 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 14.6%-ით), ხოლო იმპორტი $7.19 მლრდ-ს (გაიზარდა 12.8%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მაისში, $4.6 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ია.

2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • აშშ ($1.09 მლრდ)
  • თურქეთი ($1.07 მლრდ)
  • რუსეთი ($808.6 მლნ)

2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.4% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი ($567.4 მლნ)
  • ყაზახეთი ($330.6 მლნ)
  • აზერბაიჯანი ($282.3 მლნ)

2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი ($1.2 მლრდ)
  • აშშ ($1.13 მლრდ)
  • რუსეთი ($1.05 მლრდ)

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $974.7 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 37.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $136.5 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა $98.4 მლნ-ით (3.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $1.29 მლრდ და მთელი იმპორტის 18% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $494.6 მლნ-ით (იმპორტის 6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) $481.2 მლნ-ით (იმპორტის 6.7%).