თბილისი (GBC) – კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როდესაც უამრავმა ბიზნესმა მოსინჯა მსოფლიოში დისტანციური მუშაობა, კვალიფიციურ კადრებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ საზღვრების კვეთისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე მოეძიებინათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები სახლიდან გაუსვლელად. ამდენად, საქართველოში 2011 წელს დაწესებული საგადასახადო შეღავათებით მოზიდული IT-კომპანიები (1000–ზე მეტი კომპანია) უარს არ იტყვიან უკეთესი ბაზრების მოძიებაზე ოპერირებისთვის. ამ შემთხვევაში კი საქართველოს ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა მოუწევს, რათა წლების განმავლობაში ამ საგადასახადო შეღავათებით მოზიდული კომპანიები და ბენეფიტები თუნდაც შეინარჩუნოს მაინც.

ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიები და მათ მიერ დაარსებული ვზპ ასოციაცია ინტენსიურ მუშაობას აგრძელებენ ხელისუფლებასთან, რათა დროულად აღმოიფხვრას ის უზუსტობები კანონმდებლობაში, რომლებიც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს ინტერპრეტირების და შესაბამისად კომპანიების დაჯარიმების შესაძლებლობებს აძლევს. ეს ის ჯარიმებია, რომლებსაც გადამხდელები და ასოციაცია არ ეთანხმებიან. საუბარი მილიონობით ლარზეა, რაც კომპანიებისთვის აქარწყლებს იმ შეღავათებს, რომლითაც ქვეყანამ ისინი საკუთარ ბაზარზე მოიზიდა.

ამ სექტორში შექმნილი პრობლემების უკეთ წარმოსაჩენად GBC ქართულ ბაზარზე 2021 წელს შემოსული კომპანია „EI“–ს მმართველ დირექტორს ლ.ა.–ს კონფიდენციალურობის პირობით ესაუბრა:

– რამ განაპირობა ამ ქვეყნის ბაზრის არჩევა ოპერირებისთვის?

– საგადასახადო შეღავათები მიმზიდველი აღმოჩნდა ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით. კომპანია დუბაიდან საქართველოში გადმოვიტანე. მიუხედავად იმისა, რომ დუბაიში არ იყო გადასახადები (კორპორაციული და სხვა), ლიცენზიების, ბანკების და სხვა საოპერაციო ხარჯები აძვირებდა იქ ბიზნესის წარმოებას. დავიწყე მსგავსი მოდელების მოძიება, როგორიცაა დუბაის თავისუფალი ზონები სხვა ქვეყნებში და ვირტუალური კომპანიის შეთავაზება ვიპოვე საქართველოში.

– მოგვიყევით საგადასახადო შეღავათების ანატომიის შესახებ. კონკრეტულად რომელმა შეღავათებმა დააინტერესა თქვენი კომპანია?

– კორპორაციული გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დივიდენდების გადასახადი. ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თუნდაც ნულოვან გადასახადს ყველა უცხოური შემოსავლისთვის (ხორვატია, პორტუგალია). მიუხედავად ამისა, საქართველოში 5%-იანმა გადასახადმა დივიდენდებზე, დაბალმა საოპერაციო ხარჯებმა და ქვეყანაში ცხოვრების ღირებულებამ, ის მიმზიდველ ვარიანტად აქცია.

– სამყაროში იდეალური არაფერია. რა ხარვეზები შენიშნეთ ქართულ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც თქვენი კომპანიის ოპერირებას არეგულირებს ამ ბაზარზე?

– ბევრ ხარვეზზე მეტად სამართლებრივი არასტაბილურობა არის ძირითადი ფაქტორი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს გარანტია, რომ წესები არ შეიცვლება. არის სიგნალები, რომ გარკვეული პოლიტიკა ისევ შეიცვლება და ეს საკმარისია იმისათვის, რომ კომპანიებმა დაიწყონ ალტერნატიული ბაზრების მოძიება.

– კონკრეტულად თქვენ კომპანიას შეექმნა თუ არა პრობლემები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან? თუ კი, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს პრობლემა?

– ქართულ ენაზე კომუნიკაცია ართულებს ბარიერების გადალახვას. გარდა ამისა, ჩემი კომპანიის მეშვეობით მინდოდა ბინადრობის მოწმობის მისაღებად განაცხადის შეტანა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან დღგ-ს დამადასტურებელი საბუთია საჭირო. ვირტუალურ კომპანიებში დღგ არ არის დაწესებული, შესაბამისად, თუ მსურს ოფიციალურად გავხდე საქართველოს რეზიდენტი, ამას ჩემი კომპანიის მეშვეობით ვერ გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო 50 000 ლარზე ბევრად მეტი შემოსავალი მოაქვს.

– IT გაცილებით ახალგაზრდა სექტორია, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგები. ეს სიახლეა მთავრობებისთვისაც, მათ შორის საქართველოში. რა უნდა გაკეთდეს მთავრობასთან (კანონმდებლობასთან) ურთიერთობის დასარეგულირებლად და რას აკეთებს თქვენი კომპანია ამისთვის?

– ახალია თუ არა ეს არ არის აქტუალური. IT არის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე სექტორი. კანონმდებლობა ყოველთვის ნელია, რადგან ხშირად არ ხდება ტექნოლოგიის ზუსტი გაგება და ეს არის მისი რეგულირების წინაპირობა. პროგრამული უზრუნველყოფა არის ძალიან სწრაფად ცვალებადი დარგი, რეგულაციები კი სრულიად საპირისპიროა.

– საგადასახადო ოაზისები თქვენი პროფილის კომპანიებისთვის მსოფლიოს სხვა წერტილებშიც იქნება, ალბათ. რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ საგადასახადო შეღავათებით მიღებული ბენეფიტები შეინარჩუნოს და გაზარდოს მომავალში?

– ახლა კიდევ უფრო მეტი "საგადასახადო სამოთხეა" COVID პანდემიის შემდეგ. ციფრულ კომპანიებს აქვთ უამრავი ალტერნატივა ბიზნესის ეფექტიანად წარმართვისთვის მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. საქართველო უნდა დარჩეს აქტუალური, უზრუნველყოს სტაბილურობა და დარჩეს მიმზიდველი ვარიანტი მეწარმეებისთვის.

ქვეყანაში ცხოვრების და ოპერირების სიიაფე და ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფი არ არის საკმარისი. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ნიჭისა და ბიზნესის მოსაზიდად. კვალიფიციური რესურსები ცოტაა, არც კი არსებობს. საჭირო იყო ნაკლები შემოსვლის ბარიერი, უფრო მკაფიო წესები და სამართლებრივი სტაბილურობა.

– რამდენ ადამიანს ასაქმებს თქვენი კომპანია და რამდენია მათ შორის ის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან?

– ამჟამად ჩვენთან დასაქმებულია 2 თანამშრომელი, მაგრამ წელს 10-მდე გაზრდას ვგეგმავთ. ერთი დასაქმებული ქართველია.

– შეღავათიანი გადასახადის სახით რამდენი ლარი გაქვთ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი ზემოხსენებული სტატუსის მოპოვებიდან დღემდე?

დაახლოებით 32 000 ლარი.

– ხედავთ თუ არა საქართველოში თქვენი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივას?

დიახ, ვხედავ, მაგრამ ამის წინაპირობა საგადასახადო კანონმდებლობის გამჭვირვალობა და სიზუსტე უნდა გახდეს, რის მისაღწევადაც აქტიურად მუშაობს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე.

– უფრო კონკრეტულად რა როლს თამაშობს მთელ ამ პროცესში საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია და რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა თქვენი ბიზნესისთვის?

ასოციაციის მოწოდებაა იმის დადგენა, თუ რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი სქემაში. დახმარება იმაში, რომ მოხდეს მარეგულირებლის და მთავრობის დარწმუნება მის მიერ ქვეყანაში მეწარმეების მოზიდვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაში. ასევე კომუნიკაცია იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ ქვეყანაში სიცხადისა და კვალიფიციური რესურსების სიმცირის გამო.

– ასოციაციის აქტიურობის შედეგად განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც მეთოდოლოგიურ დოკუმენტებში, ასევე მედიის, ბიზნესომბუდსმენის და სამთავრობო ორგანოების ყურადღების მიქცევის კუთხით. რა გავლენა იქონია ამან პირადად თქვენს ბიზნესზე?

– დიახ. ახლა უფრო ნათელია, რას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და თუ გავითვალისწინებთ კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობას, რა ჩარჩოა დაწესებული საქართველოს ფარგლებს გარეთ ადამიანებთან მუშაობისთვის.

– რას ურჩევდით იმ კომპანიებს, რომლებმაც ახლახან მიიღეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ან გეგმავენ მის მიღებას?

გქონდეთ ადგილობრივი ფინანსური და იურიდიული მხარდაჭერა. აქ იმდენი გაურკვევლობაა, რომ ჩემთვის, მეწარმისთვის გაუგებარია, რა არის შესაძლებელი და რა – არა. გაურკვეველი საკითხებში შედის ბიზნეს ხარჯები, როგორიცაა მოგზაურობა კონფერენციებზე, ფინანსური აქტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, თუ საჭიროა საზღვარგარეთ პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველთან დაკავშირება, უკუდაბეგვრის დღგ-ის შედეგები და ა.შ.