თბილისი(GBC) - შპს „საქაერონავიგაცია“ 10.3 მილიონ ლარიან ტენდერს აცხადებს. ტენდერი გულისხმობს რადიოლოკატორული თვალთვალის აპარატურის შეძენას. კერძოდ, „ბოლო თაობის/ახალი, ქარხნული“ მონოიმპულსური მეორადი მიმოხილვითი რადიოლოკატორის (MSSR) შეძენას და მის შემდგომ მომსახურებას.

ტენდერში წინადადებების მიღება 27 მაისს იწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით,  პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საჰაერო მოძრაობის მართვის MSSR რადიოლოკატორების არანაკლებ 15 წლიანი წარმოების გამოცდილება. ასევე,  პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს არანაკლებ სამი სარეკომენდაციო წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბოლო 7 წლის განმავლობაში მონოპულსური მეორადი მიმოხილვითი რადიოლოკატორების (MSSR) მიწოდების და ინსტალაციის დასრულებული პროექტების შესახებ.

შპს „საქაერონავიგაცია“ 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. „საქაერონავიგაცია“ მრავალი წელია ზარალზეა.

2020 წელს მისმა ზარალმა 28.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს კი მიუხედავად ამონაგების 56%-ით 76.7 მილიონ ლარამდე ზრდისა, კომპანიის წლიურმა ზარალმა 8.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ზარალი ძირითადად გამოწვეულია პერსონალის ანაზღაურების ხარჯით, რომელიც  კომპანიის მთლიანი ამონაგების 61%-ზე მეტია და 47 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ 2020 წელთან შედარებით თანამშრომელთა ხელფასები თითქმის 10%-ით გაზარდა (2020- 46 მლნ ₾).

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას 2021 წლის ბოლოს ჰყავდა 824 თანამშრომელი. შესაბამისად  1 თანამშრომლის საშუალო თვიური ხელფასი  4750 ლარზე მეტია. 

აღნიშნული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემდეგი პირები წარმოადგენენ:

სამეთვალყურეო საბჭო:

თავმჯდომარე: ლევან კარანაძე, 

თავმჯდომარის მოადგილე: მარიამ ქვრივიშვილი;

წევრი: ლელა ჩიქოვანი; 

წევრი: გიორგი ბუთხუზი; 

წევრი: მიხეილ დუნდუა;

აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ედიშერაშვილი;

გენერალური დირექტორი - გოჩა მეზვრიშვილი.