თბილისი (GBC) - PMCG Research-ისა და jobs.ge-ს ერთობლივი კვლევის („დასაქმების თრექერი - საქართველო“) მიხედვით, საქართველოში 2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 1 016 142 შეადგინა. შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 3.1%-ით არის გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაზრდილია მაღალანაზღაურებადი დასაქმებულების წილი. კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილმა, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 37.7% (383 ათასი ადამიანი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 4.1 პ.პ.-ით არის გაზრდილი. ამასთან, დასაქმებულთა 3.2% 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით ნაკლები, თუმცა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით მეტია.
რაც შეეხება დაბალშემოსავლიან კატეგორიას, 2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილმა, რომელთა თვიური ხელფასი 0-დან 600 ლარამდე მერყეობდა, 11.2% (114 ათასი ადამიანი) შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი როგორც წინა თვესთან (აგვისტოსთან), ისე 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.3 პ.პ.-ით არის შემცირებული. სხვა სახელფასო კატეგორიებში კი დასაქმებულები შემდეგნაირად განაწილდნენ: 600-1199 ლარამდე ხელფასს 172 ათასი ადამიანი (17%) იღებდა, ხოლო 1200-2399 ლარამდე - 347 ათასი ადამიანი (34%).
ანგარიშში ასევე მიმოხილულია ვაკანსიების დინამიკა. 2026 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე 8 319 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც აგვისტოს მაჩვენებელს 18.2%-ით აღემატება, თუმცა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 4.8%-ით შემცირებულია. თვიურ ჭრილში ვაკანსიების ყველაზე მაღალი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+29.1%) დაფიქსირდა, ყველაზე მცირე ზრდა კი - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების მიმართულებით (+5.3%). წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის ვაკანსიები (+2.6%) გაიზარდა, ხოლო ყველაზე დიდი კლება - 41.6%-ით, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა.
ჯამურად, 2026 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, პლატფორმაზე 23 497 ვაკანსია განთავსდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ით ნაკლებია. მესამე კვარტალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურ ჭრილში შემცირდა ძირითად კატეგორიებშიც: გაყიდვებსა და შესყიდვებში 6 256 ვაკანსია დაფიქსირდა (-2.3%), ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში - 4 945 (-2.8%), ხოლო ფინანსებსა და სტატისტიკაში - 4 774 (-0.3%).
გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია საქსტატის შრომის ბაზრის მაკროეკონომიკური ინდიკატორებიც, რომლის თანახმადაც 2026 წლის II კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 13.8% შეადგინა (I კვარტალში 14.4% იყო), დასაქმების დონე 46%-ს გაუტოლდა, ხოლო საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 2 389 ლარი შეადგინა.
