თბილისი (GBC) – ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და საზღვაო გადაზიდვების შეზღუდვის ფონზე, იემენელი ჰუსიტების სწრაფმა წინსვლამ წითელი ზღვის სანაპიროზე კრიზისს მეორე სტრატეგიული მიმართულება გაუხსნა. ჰუსიტებმა აიღეს საპორტო ქალაქი მოხა და მიაღწიეს ბაბ-ელ-მანდების სრუტის საკვანძო კუნძულ პერიმს, რითაც საუდის არაბეთისთვის და საერთაშორისო ვაჭრობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ალტერნატიული საზღვაო მარშრუტი ახალი რისკის წინაშე დადგა.

იემენში ჰუსიტების სწრაფი სამხედრო წინსვლა უკვე აღარ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა კონფლიქტის მორიგი ესკალაცია. მოვლენები პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე უფრო ფართო დაპირისპირებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმის გამო, რომ ამავე დროს ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად შეფერხებულია.

ბოლო დღეებში ჰუსიტებმა იემენის წითელი ზღვის სანაპიროზე მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. მათ შორის არის საპორტო ქალაქი მოხა, რომელიც ბაბ-ელ-მანდების სრუტიდან 80 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. შემდეგ ჰუსიტები დუბაბის მიმართულებითაც დაწინაურდნენ და პერიმის კუნძულს მიაღწიეს. Reuters-ის ინფორმაციით, პერიმი, რომელსაც მაიუნის სახელითაც მოიხსენიებენ, სწორედ იმ ვიწრო საზღვაო გასასვლელს გადაჰყურებს, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს.

ამ ფონზე იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების პოზიციებზე მასირებული საჰაერო იერიში დაიწყეს, ხოლო საუდის არაბეთმა მოხას აეროპორტზე დარტყმები განახორციელა. პარალელურად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელი, ადმირალი ბრედ კუპერი, საუდის არაბეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი ჰუსიტების წინსვლის ფონზე სასწრაფო კოორდინაციას უკავშირდება.

რატომ არის ბაბ-ელ-მანდები ასე მნიშვნელოვანი?

ბაბ-ელ-მანდები მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ვიწრო ყელია“. სრუტე წითელ ზღვას ადენის ყურესთან და შემდეგ ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. მისი გავლით გემები სუეცის არხისკენ მიემართებიან, რაც აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი უმოკლესი საზღვაო მარშრუტია.

თუ გემი ამ მარშრუტს იყენებს, მას შეუძლია არაბეთის ნახევარკუნძულის შემოვლისა და აფრიკის სამხრეთით, კეთილი იმედის კონცხის გავლით გრძელი გზის თავიდან აცილება.

სწორედ ამიტომ ბაბ-ელ-მანდების უსაფრთხოების გაუარესება მხოლოდ ნავთობის საკითხი არ არის. მისი შეფერხება ზრდის გადაზიდვის მანძილს, საწვავისა და დაზღვევის ხარჯებს, აგრძელებს მიწოდების ვადებს და საბოლოოდ შეიძლება გდლობალურად საქონლის ფასებზეც აისახოს.

ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა ეს პრობლემა უკვე ერთხელ გამოიწვია. 2023 წლიდან მოყოლებული უსაფრთხოების რისკების გამო მრავალი საერთაშორისო გადამზიდავი სუეცის არხის ნაცვლად აფრიკის გარშემო, კეთილი იმედის კონცხის გავლით გადაერთო. AP-ის მიხედვით, წითელ ზღვაში გემების მოძრაობა დაახლოებით 60%-ით შემცირდა.

ახლა განსხვავება ის არის, რომ ეს რისკი ჩნდება ჰორმუზის სრუტის კრიზისის პარალელურად.

ორი სრუტე, ერთი ენერგეტიკული პრობლემა

ჰორმუზი და ბაბ-ელ-მანდები ერთმანეთის პირდაპირი შემცვლელები არ არიან, თუმცა გლობალური ენერგეტიკული სისტემისთვის ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და LNG-ის მთავარი გასასვლელია. ბაბ-ელ-მანდები კი წითელი ზღვისა და სუეცის არხის მიმართულებას აკონტროლებს.

სწორედ ამიტომ ჰორმუზის შეფერხების შემდეგ საუდის არაბეთმა უფრო მეტად დაიწყო ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება – ნავთობის ნაწილის გადამისამართება წითელი ზღვის მიმართულებით და მისი გატანა იენბუს პორტიდან.

ახლა სწორედ ეს ალტერნატივა აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ.

Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი უკვე მკვეთრად არის შემცირებული, ხოლო ჰორმუზის პრობლემის გამო წითელი ზღვის მიმართულებას უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ჰუსიტების პერიმთან მისვლამ ამ მარშრუტისთვის დამატებითი რისკი შექმნა.

ანუ ვითარება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

ჰორმუზი – სპარსეთის ყურედან ნავთობის გასასვლელის პრობლემა

ბაბ-ელ-მანდები – წითელი ზღვისა და სუეცის მიმართულების პრობლემა

თუ ორივე მიმართულებაზე საფრთხე ერთდროულად გაიზარდა, ნავთობისა და სხვა ტვირთების გადამზიდავებისთვის ალტერნატიული მარშრუტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

რატომ არის საუდის არაბეთი განსაკუთრებით მოწყვლადი?

საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და სწორედ ამიტომ მისი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას გლობალური ბაზრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჰორმუზის შეფერხებამ ერ–რიადი აიძულა უფრო აქტიურად გამოეყენებინა დასავლეთის მიმართულებით მოქმედი ინფრასტრუქტურა, მათ შორის East-West ნავთობსადენი და იენბუს პორტი წითელ ზღვაზე.

ეს მარშრუტი ჰორმუზის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა.

მაგრამ ახლა ჰუსიტების სამხედრო წინსვლა სწორედ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში ხდება.

ამიტომ პრობლემა უკვე მხოლოდ ის აღარ არის, როგორ გაიტანს საუდის არაბეთი ნავთობს ჰორმუზის გვერდის ავლით. ახალი კითხვა ჩნდება – რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ალტერნატიული მარშრუტი.

ირანისთვის ეს რატომ არის მნიშვნელოვანი?

ჰუსიტები ირანთან დაახლოებული ძალაა და თეირანი მათთვის სამხედრო, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, თუმცა ირანი უარყოფს ჰუსიტებზე სრულ სამხედრო კონტროლს.

ამიტომ ჰუსიტების წინსვლა ირანისთვის ოფიციალურად პირდაპირი კონტროლის გარეშე ქმნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბერკეტს.

თუ ჰორმუზის მიმართულებით ირანი ზეწოლას ახდენს სპარსეთის ყურიდან ნავთობის გასასვლელზე, ხოლო მის მოკავშირე ჰუსიტებს შეუძლიათ ბაბ-ელ-მანდების მიმართულებით საზღვაო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნა, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული გადაზიდვების წინააღმდეგ ზეწოლის გეოგრაფია მნიშვნელოვნად ფართოვდება.

სწორედ ამიტომ საერთაშორისო მედია ჰუსიტების დღევანდელ წინსვლას უკვე განიხილავს როგორც მეორე ფრონტის გაჩენას. Financial Times-ის შეფასებით, ჰორმუზის პრობლემასა და იემენში ჰუსიტების ესკალაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამხედრო მიზეზები აქვს, თუმცა ორივე ერთად მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას ენერგეტიკულ ბაზარზე.

ნავთობის ფასი უკვე რეაგირებს

ბაზარმა რისკი სწრაფად შეაფასა. Brent-ის ფასი 100 დოლარს გაცდა და 11 სექტემბერს დაახლოებით $108-მდე გაიზარდა. ბაზრისთვის მთავარი შიში მხოლოდ არსებული მიწოდების შემცირება აღარ არის. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის რისკი, რომ ენერგორესურსების გადაზიდვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხი შეფერხდეს.

ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმის გამო, რომ ენერგეტიკული ბაზარი ჰორმუზის კრიზისის პირობებში ისედაც შემცირებული მიწოდებისა და გაზრდილი რისკის წინაშეა.

თუ ბაბ-ელ-მანდების მიმართულებითაც შეიქმნება მდგრადი ბლოკადის ან თავდასხმების საფრთხე, გემების ნაწილი კვლავ კეთილი იმედის კონცხის მიმართულებით გადაერთვება. ეს კი ნიშნავს უფრო გრძელ მარშრუტს, მეტ საწვავს, უფრო ძვირ დაზღვევას და მიწოდების უფრო ხანგრძლივ ვადებს.

აშშ-ის ახალი პრობლემა – მეორე ფრონტი

აშშ-ისთვის ჰუსიტების წინსვლა განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარებაში ხდება.

ვაშინგტონის მთავარი სტრატეგიული პრობლემა ამ მომენტში ჰორმუზის მიმართულებაა, სადაც ირანთან დაპირისპირება მიმდინარეობს. ახლა კი წითელ ზღვაზე ახალი ფრონტის გაჩენის საფრთხე იზრდება.

საუდის არაბეთისთვის ეს იმდენად სერიოზული გახდა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დონალდ ტრამპს ჰუსიტებზე ამერიკული დარტყმების განხორციელება ორჯერ სთხოვა, Axios-ის ინფორმაციით. აშშ ამ ეტაპზე ცდილობს ერ–რიადისთვის მხარდაჭერის გაზრდას ისე, რომ პირდაპირი სამხედრო ჩართულობა ახალ ფრონტში არ გადაიზარდოს.

ამიტომ CENTCOM-ის ხელმძღვანელის საუდის არაბეთში ვიზიტი მხოლოდ ტექნიკური სამხედრო კოორდინაციის საკითხი არ არის. ის მიუთითებს, რომ ვაშინგტონში ბაბ-ელ-მანდების მიმართულებით შექმნილ საფრთხეს უკვე ცალკე სტრატეგიულ პრობლემად განიხილავენ.

და სად არის ამ სურათში საქართველო?

საქართველოსთვის ეს ვითარება ერთდროულად რისკიც არის და შესაძლებლობაც.

თუ სუეცის არხისა და წითელი ზღვის გავლით აზია-ევროპის საზღვაო ვაჭრობა კიდევ უფრო გაძვირდება და შენელდება, ალტერნატიული სახმელეთო და სარკინიგზო მარშრუტების მნიშვნელობა გაიზრდება.

ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აქტიურდება შუა დერეფნის საკითხი. ჩინეთიდან ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში და თურქეთის მიმართულებით ევროპაში.

თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: წითელი ზღვის კრიზისი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ტვირთი შუა დერეფანზე გადმოვა. ამისთვის საჭიროა საკმარისი გამტარუნარიანობა, კონკურენტული ფასი, სტაბილური საბაჟო პროცედურები და დროში პროგნოზირებადი ტრანზიტი.

მაგრამ, რაც უფრო ძვირი და რისკიანი ხდება სუეცის მარშრუტი, მით უფრო მიმზიდველი ხდება ალტერნატიული მარშრუტების ეკონომიკური ღირებულებაც.

ამიტომ ჰორმუზის კრიზისის პარალელურად ბაბ-ელ-მანდების გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის მხოლოდ შორეული ახლოაღმოსავლური კონფლიქტი აღარ არის. ეს არის გლობალური ლოგისტიკური ქსელის გადალაგების კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა პირდაპირ იმოქმედოს ნავთობის ფასზე, ტრანსპორტირების ღირებულებაზე, ინფლაციაზე და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.

მთავარი კითხვა ახლა ის არის, შეძლებენ თუ არა იემენის სამთავრობო ძალები და საუდის არაბეთი ჰუსიტების წინსვლის შეჩერებას ბაბ-ელ-მანდების უშუალო მისადგომებთან. თუ ეს ვერ მოხერხდა, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც ჰორმუზის პრობლემას წითელი ზღვის კრიზისიც დაემატება და ორი ერთმანეთთან დაკავშირებული საზღვაო „ვიწრო ყელი“ ერთდროულად გახდება გლობალური ვაჭრობის რისკის წყარო.