თბილისი (GBC) – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაყჩის განცხადებით, ირანელ მომლაპარაკებლებს კატარის შუამავლების მეშვეობით აშშ-ის მხარესთან კონტაქტი ჰქონდათ და თეირანი ვაშინგტონის ოფიციალურ პასუხს ელოდება.

„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, არაყჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა აშშ-სთან ნიუ-იორკში, კატარის შუამავლობით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართა და იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი ირანის წინადადებებს ოფიციალურად უპასუხებს.

არაყჩის თქმით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვიზიტისას, ირანულმა მხარემ კრიზისის მოგვარებისა და ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის გეგმა წარადგინა.

„ჩვენი მისია იყო, ეს პირობები ამერიკული მხარისთვის და სხვა ქვეყნებისთვის მიგვეწოდებინა და დავრწმუნებულიყავით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, ირანს ამ მიმართულებით გეგმა აქვს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ბოლო შეხვედრისას კატარის შუამავლებმა ახალი იდეები წარადგინეს, რომლებიც მხარეებს შორის არსებული უთანხმოების დაძლევას ისახავს მიზნად. ეს წინადადებები, არაყჩის ინფორმაციით, ვაშინგტონს გადაეცემა.

ირანი: მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამას არ ეხება

ამასთან, ირანული Press TV, ქვეყნის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონთან მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.

„ირანის პოზიცია ბირთვულ საკითხზე უცვლელია. ამ საკითხზე განხილვები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ მანამდე უარყო მოსაზრებები, თითქოს თეირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს იყოს. მისი თქმით, ირანი 1970 წლიდან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მონაწილეა და საკუთარი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათზე მიუთითებს.

თეირანი NPT-დან გასვლას განიხილავს

პარალელურად, ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალი ნიკზადმა განაცხადა, რომ პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან (NPT) გასვლის შესახებ წინადადებას განიხილავს.

„NPT-დან გასვლის კანონპროექტი გადაუდებელი განხილვის სტატუსით არის პარლამენტში. როგორც კი ის პარლამენტში შევა, მას იმავე დღეს განვიხილავთ“, – ნიკზადის განცხადებას სააგენტო Fars ციტირებს.

მისივე თქმით, პარლამენტი ამ ნაბიჯის საერთაშორისო შედეგებსაც შეისწავლის.

ნიკზადმა ასევე განაცხადა, რომ ირანელი კანონმდებლები არ ენდობიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და მის გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსის. მისი თქმით, გროსი ირანის ბირთვულ ობიექტებზე მხოლოდ „ზედაპირულ“ ვიზიტებს ახორციელებს და შემდგომ უარყოფით ანგარიშებს აქვეყნებს.

Bloomberg: ირანში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ

Bloomberg-ის წყაროების ინფორმაციით, ირანელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილი იმის მიმართ, რომ ნოემბერში აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ვაშინგტონთან შეთანხმება მიიღწევა და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება.

სააგენტოს ცნობით, ირანელი ოფიციალური პირები კერძო საუბრებში გამოთქვამენ პესიმიზმს ვაშინგტონთან კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში თეირანმა და ვაშინგტონმა მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს.

სააგენტოს წყაროების შეფასებით, ირანში ასევე მიიჩნევენ, რომ 3 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის მაღალი ალბათობა არსებობს.

ამასთან, ბოლო დღეებში შუამავლების მონაწილეობით აშშ-სა და ირანს შორის კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰორმუზის სრუტის გახსნაა. ირანის წინადადება სრუტის შვიდ დღეში გახსნას ითვალისწინებს, თუკი ვაშინგტონი თეირანის პირობებს მიიღებს.