თბილისი (GBC) - აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მცდელობები ჩიხში შევიდა. Axios-ის ცნობით, მხარეები კომპრომისისთვის მზად არ არიან, რაც აშშ-სა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლების რისკს ზრდის.
კატარის შუამავლობა უშედეგოდ დასრულდა
კატარელმა შუამავალმა ალი ალ-თავადიმ ნიუ-იორკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან და მის გუნდთან აშშ-ისა და ირანისთვის შეთავაზებული ორგვერდიანი კომპრომისის გეგმა განიხილა. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარკვეულ დათმობებს სანაცვლოდ იმისა, რომ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნიდა.
აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებს „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ირანმა ბირთვულ საკითხზე მოქნილობის მზადყოფნა გამოხატა. თუმცა, დონალდ ტრამპმა მოგვიანებით Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.
Axios-ის წყაროს თქმით, „მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ირანელები ითხოვენ იმას, რაზეც აშშ ვერ დათანხმდება, ხოლო აშშ მიიჩნევს, რომ იმარჯვებს და ამიტომ კომპრომისის საჭიროებას ვერ ხედავს“.
ტრამპი: „ისინი დანებდებიან“
ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლება საბოლოოდ დანებდება.
„არ ვიცი, აპირებენ თუ არა ისინი უკვე დანებებას. მაგრამ დანებდებიან. მათ საქმე ძალიან ცუდად აქვთ“, – განაცხადა მან.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის რეკორდული მოცულობის ტრანსპორტირება განხორციელდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს ექნება.
„ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“
ვაშინგტონში გამართულ AI კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნავთობის გლობალური ფასები შემცირდება და ომამდელ დონეს დაუბრუნდება.
„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ისინი სერიოზულ მარცხს განიცდიან. ძალიან სერიოზულ მარცხს. ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“, – თქვა მან.
ტრამპის შეფასებით, ირანთან ომი მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.
