თბილისი (GBC) - Forbes Georgia-მ საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიისა და მათი მფლობელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესების ჯამური საბაზრო ღირებულება ₾86.6 მლრდ-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე კაპიტალის მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება: ასეულის საერთო ღირებულების 50%-ზე მეტი მხოლოდ 12 კომპანიაზე მოდის, ხოლო ₾1 მლრდ-ის ზღვარს სულ 22 სუბიექტი აჭარბებს.

Forbes Georgia-ს რეიტინგის მიხედვით, 10 უმსხვილესი კომპანია და მათი მფლობელები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

  • ენერგო-პრო ჯორჯია - ₾7.65 მლრდ  (ენერგეტიკა; მფლობელი: იარომირ ტესარი - 100%)
  • საქართველოს ბანკი - ₾6.61 მლრდ (ფინანსური მომსახურება; მფლობელი: Lion Finance Group PLC)
  • თიბისი ბანკი - ₾4.54 მლრდ (ფინანსური მომსახურება; მფლობელი: TBC Bank Group PLC)
  • საქართველოს კაპიტალი - ₾4.08 მლრდ (მულტისექტორული; აქციონერები: Lazard Asset Management, Allan Gray, Gemstock, ირაკლი გილაური)
  • მაგთიკომი - ₾3.65 მლრდ ლარი (ტელეკომუნიკაციები; მფლობელები: გია ჯოხთაბერიძე - 75%, ირაკლი რუხაძე - 25%)
  • არ ემ ჯი (RMG) - ₾2.96 მლრდ (მრეწველობა/წარმოება; მფლობელი: დმიტრი ტროიცკი)
  • თელასი - ₾2.73 მლრდ (ენერგეტიკა; მფლობელები: ინტერ რაო - 75%, ხვიჩა მაქაცარია - 25%)
  • სილქ როუდი - ₾2.50 მლრდ (მულტისექტორული; მფლობელები: გიორგი რამიშვილი - 61.8%, იერკინ ტატიშევი - 38.2%)
  • ჰანიველ ცემენტი - ₾2.46 მლრდ (უძრავი ქონება/მშენებლობა; მფლობელი: Caucasus Cement Holding B.V. / ირაკლი რუხაძე - 41%)
  • ქრისტალბეთი - ₾2.30 მლრდ (სათამაშო ბიზნესი; მფლობელი: Entain - 100%)

სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ჯამური შეფასებით ბაზარზე ფინანსური სექტორი და ენერგეტიკა ლიდერობენ, ხოლო წარმოდგენილი კომპანიების რაოდენობით - საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია. გამოცემა აღნიშნავს, რომ სათამაშო ბიზნესის 7 კომპანიის ჯამური ღირებულება (₾8.3 მლრდ) თითქმის უთანაბრდება ჯანდაცვის სექტორის 14 კომპანიის ჯამურ შეფასებას (₾8.4 მლრდ).

Forbes Georgia-ს განმარტებით, კომპანიების შეფასება ეფუძნება 2024 წლის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშგებებს. არაფინანსური სექტორისთვის გამოყენებული იყო EV/EBITDA და EV/Sales მულტიპლიკატორები, ხოლო ფინანსური ინსტიტუტებისთვის - P/B კოეფიციენტი.