თბილისი (GBC) - სებ-ს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა.
ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის თქმით, ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება ჯერ არ განიხილება, თუმცა საპილოტე პროგრამები დაგეგმილია, რომელთა მიზანი ტექნოლოგიის პოტენციური სარგებლის, ხარჯებისა და რისკების შეფასებაა.
დავით უტიაშვილის ინფორმაციით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტები საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია.
საფინანსო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკის გამოშვებულ ციფრულ ფულს შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ციფრულ ეკოსისტემაში.
„ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის, საქართველოში. მოქალაქეები იყენებენ USDT და USDC -ს, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა, ცენტრალური ბანკის გამოშვებულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის უფრო სტაბილური და მიმზიდველი იქნება", – განაცხადა დავით უტიაშვილმა.
მისი თქმით, საპილოტე პროგრამები ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებელი, მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები, ასევე შეაფასოს მათი შემცირების შესაძლებლობები.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა იგეგმება საპილოტე პროგრამები, რომ შეისწავლონ სარგებელი, მოსალოდნელი ხარჯები, შეაფასონ რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები და შემდეგ იზრუნონ რისკების შერბილების გზების მოძიებაზე.სწორედ ამ სამუშაოებისთვის მიენიჭა სებ-ს შესაბამისი უფლებამოსილება.
