თბილისი (GBC) – „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენისათვის 10 მილიონ ლარიან ტენდერს აცხადებს. ტენდერში წინადადებების მიღება 8 მაისს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ტენდერში „ჯი-თი გრუპ“ ერთადერთი კანდიდატია და გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოებს 9.7 მლნ ლარად შეასრულებს.
ტენდერი გულისხმობს 3 მ³ მოცულობის, 200 ერთეული (ერთეულის ფასი განსაზღვრულია 50,000 ლარით) მიწისქვეშა კონტეინერის ბეტონის ბუნკერის შეძენას.
შეთავაზებული ბუნკერების სისტემას, უნდა გააჩნდეს ავსების სენსორი, რომელსაც საშუალება ექნება ოპერატორ კომპანიას ავტომატურ რეჟიმში გადასცეს ინფორმაცია, კონტეინერის ავსების თაობაზე. ასევე სენსორი თავსებადი უნდა იყოს საქართველოში არსებულ კავშირგამბულობის სისტემებთან (GSM/GPRS). სისტემის საშუალებით, ოპერატორ კომპანიას საშუალება უნდა ჰქონდეს რეალურ დროში აწარმოოს კონტეინერების ავსების დონის კონტროლი და შესაბამისად დაგეგმოს ნაგავშემკრები ავტომობილის მარშრუტი.
შესყიდვის ობიექტის დეტალური სპეციფიკაციები და მოთხოვნები იხილეთ ბმულზე.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის მიწოდება-მონტაჟი განხორციელდება ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 260 კალენდარული დღის განმავლობაში.
თითოეულ ეტაპზე შემსყიდველის მხრიდან ქვაბულის გადაცემიდან არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში.
ბეტონის ბუნკერების საგარანტიო ვადა განსაზღვრულია 2 წლის ვადით.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საქართველოში ან ევროკავშირის ქვეყნებში, მიწოდებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2500 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი. დოკუმენტაციაში ასევე დამატებით მოთხოვნად წარმოდგენილია კანდიდატის მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიწისქვეშა კონტეინერების სისტემის წარმოებაში.
შეგახსენებთ, „ჯი-თი გრუმპა“ გასულ თვეში „თეგეტას“ სწორედ „თბილსერვის ჯგუფის“ 3.4 მილიონ ლარიანი ტენდერი მოუგო, რომელიც თბილსერვის ჯგუფის ბალანსზე არსებული სპეც მანქანების (ფორდი და ივეკო) სათადარიგო ნაწილების მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებდა.
„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.
კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:
1. GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;
2. Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;
3. Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);
4. GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:
გიორგი თავდიშვილი 33%;
გიორგი გველესიანი 34%;
თემურ უსტიაშვილი 33%.