თბილისი (GBC) - „ჯი-თი გრუპი“ „თეგეტას“ თბილსერვის ჯგუფის ტენდერში უგებს, რომელიც თბილსერვის ჯგუფის ბალანსზე არსებული სპეც მანქანების (ფორდი და ივეკო) სათადარიგო ნაწილების მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებს.
ტენდერში პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3.4 მლნ ლარის. ტენდერში წინადადებების მიღება 10 აპრილს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
ტენდერს ორი კანდიდატი ჰყავს. პირველი, ამ დროისათვის ფავორიტი „ჯი-თი გრუპ“, რომლის შეთავაზება 2.6 მლნ ლარია და მეორე „თეგეტა“, რომლის შეთავაზება 2.8 მლნ ლარია.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან ნაწილების მიწოდება 180 კალენდარული დღის განმავლობაში, მომსახურების მიწოდება 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური პროდუქციის მიწოდების გამოცდილება 2020 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე არანაკლებ 1.5 მლნ ლარის გამოცდილება.
„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.
კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:
1. GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;
2. Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;
3. Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);
4. GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:
გიორგი თავდიშვილი 33%; გიორგი გველესიანი 34%; თემურ უსტიაშვილი 33%.