თბილისი (GBC) - 11 აპრილს, 15:00 საათზე თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე (Tbilisi Art Fair) ახალი, უნიკალური წიგნის Les Peintres Georgiens A Paris წარდგენა გაიმართება.

წიგნის ავტორები: ქეთევან კინწურაშვილი (ტექსტი), დავით ჯანიაშვილი (დიზაინი).

წიგნი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მწერალთა სახლის სპეციალური პროექტის ფარგლებში, პარიზის 2024 წლის წიგნის ბაზრობისთვის, ფრანგულ ენაზე გამოიცა.

წიგნი იმ ქართველ მხატვრებს ეძღვნება, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა მისიით ჩავიდნენ პარიზში. ზოგმა რამდენიმე წელი, ხოლო ზოგმა მთელი შემდგომი ცხოვრება დაჰყო იქ. მათი სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა ქალაქს, რომელიც განსაკუთრებით იმ ე.წ. „შეშლილ წლებში“ ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო ცენტრი იყო და როგორც კირილე ზდანევიჩი წერს, „კულტურის ბორბალს ატრიალებდა“.

წიგნში წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე და ილია ზდანევიჩების, ფელიქს ვარლამიშვილის, მიხეილ ბილანიშვილს, ვერა ფაღავას და ვანო ენუქიძის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები;  აგრეთვე, ნიკო ფიროსმანი, რომელიც არასოდეს ყოფილა პარიზში, თუმცა მისი სახელი ლეგენდითა თუ სხვადასხვა ფაქტით დაუკავშირდა ამ ქალაქს.

წიგნის ასახავს ქართველი მხატვრების ფასდაუდებელ შემოქმედებას და როლს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მსოფლიო მხატვრობის კონტექსტში.

წიგნს ავტორი ქეთევან კინწურაშვილი წარადგენს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში (პავილიონი #11, სივრცე A6)