თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) კომპანია „აისითის" მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. კერძოდ, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომელიც შპს „აისითის" რეკლამაში, აქციის პირობების თაობაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეეხებოდა.
კომპანიის კომერციული კომუნიკაციის თანახმად, მომხმარებლებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლოთ სასურველი ნივთის შეძენა „თიბისი ბანკის" 0%-იანი განვადებით, თუმცა, ადგილზე მისვლისას, მომხმარებელმა შეიტყო, რომ შეთავაზება რეალურად არ მოქმედებდა და განვადების პირობები იყო განსხვავებული - ყოველთვიურად მომხმარებელს ეზრდებოდა ხარჯი 1%-ით.
სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული კომერციული კომუნიკაცია შეიცავდა მცდარ ინფორმაციას 0%-იან განვადებასთან დაკავშირებით, რამაც მომხმარებელში შექმნა მოლოდინი ისეთი ფინანსური უპირატესობის შესახებ, რომელიც, რეალურად, არ არსებობდა. აღნიშნული ქმედება, სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, მომხმარებელთა უფლებების აღდგენა და ინდივიდუალურად მორგებული სპეციალური შეთავაზებების გაკეთება იმავე პირობებით, რა პირობებითაც კომერციული კომუნიკაცია თავდაპირველად განხორციელდა.