თბილისი (GBC) – ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემამ „ზოლოტაია კორონამ“ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის დამტკიცების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში და ყაზახეთში ფულადი გზავნილების განხორციელება შეაჩერა. აღნიშნული მიმართულებები Koronapay-ის მობილურ აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ქვეყნების სიიდან გაქრა.

ამჟამად მომხმარებლებს რუსეთიდან ფულის გაგზავნა უზბეკეთის, თურქეთის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით შეუძლიათ. „ზოლოტაია კორონას“ ოფიციალური განცხადება მომსახურების შეჩერების მიზეზებსა და შესაძლო აღდგენის ვადებზე ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შესაბამისად, უცნობია, შეზღუდვა დროებითია თუ ყველა ტიპის გზავნილს ეხება.

ცვლილებები ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღებას მოჰყვა. სანქციები შეეხო „ზოლოტაია კორონას“ საგადახდო სისტემის ოპერატორსა და საანგარიშსწორებო ცენტრს „მობილურ ბარათსა“ და „საგადახდო ცენტრს“.

ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი საქართველოსაც შეეხო. კერძოდ, ევროკავშირმა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტთან ტრანზაქციების აკრძალვა დააწესა, რომელიც ექვსი თვის შემდეგ შევა ძალაში. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ობიექტი რუსული ნავთობის ვაჭრობასა და გადამუშავებას უკავშირდება. სანქციების პაკეტში ასევე მოხვდა საქართველოში და სხვა ქვეყნებში დაფუძნებული 14 კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული მომსახურების პლატფორმა, რომელთა საქმიანობას ევროკავშირი რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში განიხილავს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი საქართველოში მოქმედ მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტსა და საქართველოში დაფუძნებულ კრიპტო-სერვისებთან დაკავშირებულ პლატფორმებს შეეხო. ამასთან, ევროკავშირმა პირველად შექმნა მესამე ქვეყნებში მოქმედი კრიპტოაქტივების მომსახურების მიმწოდებლებისთვის სრული აკრძალვის დაწესების შესაძლებლობაც, თუ ისინი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„ზოლოტაია კორონა“ რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გზავნილების ერთ-ერთი გამოყენებადი სისტემაა. სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედების ფონზე მისი რუსეთიდან საქართველოში გზავნილების შეჩერებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ამ არხს ფულის გადასარიცხად იყენებდნენ.