უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები შენელდა - წინა თვესთან შედარებით ნოემბერში ყიდვა-გაყიდვების დინამიკა 5%-ით შემცირდა; წლიურად კი 12%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ფასს - წინა თვესთან შედარებით უძრავი ქონების ფასი 2%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად ზრდა 23%-ია. 

რაც შეეხება ქირას - მიგრანტების მზარდი ტალღის ფონზე უძრავი ქონების ქირის ფასი კვლავ მზარდია. წლიურად ქირა 116%-ით არის გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით კი დამატებით 3.3%-ით . TBC Capital-ის მონაცემებით, მიგრანტების წილი გაზრდილია ყიდვა-გაყიდვის მიმართულებითაც, თუმცა მათი წილი მთლიან გაყიდვებში კვლავ მინიმალურია - 4.8%. თუმცა მოსალოდნელია რომ მომდევნო თვეებში მიგრანტების ეფექტი ყიდვის ბაზარსაც გადაეცემა.

 

ნოემბერში ჯამში 777 ახალაშენებული ბინა გაიყიდა რაც 2021 წლის მონაცემს 20.5%-ით აღემატება. რაც შეეხება ძველ ბინებს - წლიურად ძველი ბინების გაყიდვები 10.6%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი შემცირებულია როგორც ახალაშენებული, ასევე ძველი ბინების გაყიდვები, კერძოდ - ახალაშენებული ბინების გაყიდვები 0.9%-ით შემცირდა, ძველის კი 5.9%-ით.