თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აზარტული თამაშების ბიზნესის სფეროში საერთაშორისო ოპერატორებისთვის ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვას ითვალისწინებს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი არიან.
ცვლილებების თანახმად, ახალი კატეგორიის ნებართვები შემოღებული იქნება სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისთვის. ამ ჩარჩოს დანერგვა სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული აზარტული თამაშების ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ამ პლატფორმებზე თამაშის უფლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ ინტერნეტ ვებგვერდებზე წვდომა ავტომატურად აეკრძალებათ.
ინიციატორების განმარტებით, მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ-კაზინოებს სახელმწიფო საგადასახადო შეღავათს სთავაზობს - ისინი დაიბეგრებიან უფრო დაბალი, 5%-იანი მოგების გადასახადის (GGR) განაკვეთით, ნაცვლად 20%-ისა, რომლითაც სტანდარტული, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ-კაზინოები იბეგრებიან. ყოველთვიური 5%-იანი საგადასახადო განაკვეთი მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაზე დაირიცხება.
ამასთან, თითოეული სახის საერთაშორისო ნებართვა 5 წლის ვადით გაიცემა და მისი ყოველწლიური მოსაკრებელი 100 000 ლარით განისაზღვრება. სანებართვო პირობების ან მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის კი 20 000 ლარის ოდენობის ჯარიმა წესდება. პროექტით ასევე მკაცრდება ინტერნეტდომენების შეზღუდვა: თუ მოქმედი წესით 1 ნებართვით მაქსიმუმ 2 ვებგვერდის ოპერირება იყო შესაძლებელი, ახალი კანონით ლიმიტი 1 ნებართვაზე 1 ვებგვერდამდე მცირდება, ხოლო უკვე არსებულ ნებართვებზე მათი მოქმედების დარჩენილი ვადით გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ რეფორმა ერთი მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა დაცვას მავნე ზეგავლენისგან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მომსახურების სფეროს განვითარებას, ქვეყანაში მაღალკვალიფიციური ტექნოლოგიური და მარკეტინგული კადრების შემოსვლას და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების აკუმულირებას.