თბილისი (GBC) - გლობალური გიგანტი Procter & Gamble (P&G), რომელიც ისეთ მსხვილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Gillette და Pampers, ქართულ ტელეკომპანია „იმედთან“ ბიზნესკავშირებს წყვეტს. ამის შესახებ გამოცემა City AM ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში შეიყვანა იმ მიზეზით, რომ არხი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ და ხელს უწყობს მის დესტაბილიზაციას.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ბრიტანეთის სანქციების სიაში ჯერ კიდევ თებერვალში მოხვდა, P&G მასთან სარეკლამო თანამშრომლობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აგრძელებდა. თუმცა, კომპანიის ევროპის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის საფუძველზე, P&G-მ მედიაკომპანიასთან კონტრაქტი გააუქმა.

მომხდართან დაკავშირებით P&G-ის სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიას ბრიტანეთის სანქციების რეჟიმი არ დაურღვევია, თუმცა ნებაყოფლობით შეცვალა მიდგომა და საქართველოში ტელეკომპანია „იმედზე“ რეკლამის განთავსება შეაჩერა.

ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო მსგავსი შიდა გამოძიება უკვე დაიწყო კიდევ ერთმა გლობალურმა ბრენდმა, Nestle-მ, რომელსაც კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან გილი უძღვება. სხვა საერთაშორისო ბრენდებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა ფრთამ, „იმედთან“ კავშირი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებისთანავე გაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ თავად P&G უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის გაგრძელების გამო კრიტიკის წინაშე არაერთხელ დადგა, რის გამოც 2023 წელს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ომის საერთაშორისო სპონსორადაც“ გამოაცხადა.

ბადრი პატარკაციშვილის მიერ 2003 წელს დაარსებული ტელეკომპანია „იმედი“ და „იმედის ჰოლდინგი“ (რომელშიც GDS-იც შედის), ბრიტანეთის სანქცირების ფონზე, 2026 წლის 6 თებერვალს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული მედიააქტივების გარიგების ფასი სიმბოლურ 1 000 ლარს შეადგენდა.