თბილისი (GBC) – ბრიტანულ–ქართულ აკადემიის დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას სამართლებრივი დავა ინვესტორი კომპანიის დირექტორის ირაკლი გილაური წინააღმდეგ გრძელდება. ირაკლი გილაურის კომპანიამ, რომელსაც ჯანაშია საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ხელშეკრულებიდან გასვლას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, კვლავაც სცადა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნათია ჯანაშიას ჩანაცვლება მათთვის სასურველი კანდიდატურით, თუმცა საჯარო რეესტრში შეტანილი შესაბამისი განაცხადი უწყებამ იურიდიული ხარვეზების გამო დაიწუნა.
როგორ მიმდინარეობს მხარეებს შორის სამართლებრივი დავა და რა პერსპექტივა აქვს ამ პროცესს, ამ საკითხებზე ნათია ჯანაშიას სამართლებრივ წარმომადგენელს იმედა დვალიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, „საქართველოს კაპიტალი“ იყო ის სუბიექტი, ვინც აიღო ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება, შემდეგ ის პარტნიორის რანგში მისმა შვილობილმა კომპანიამ „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ჩაანაცვლა, თუმცა ეს ერთი ჯგუფია, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვალდებულებები არ შეუსრულებია.
„ინვესტიციები იქნება ეს, თუ აკადემიის საბოლოოდ მიტაცების მცდელობა, სკოლის მენეჯმენტის ძალმომრეობით შეცვლა, ცხადია, საბოლოო ჯამში ყველაფერი უკავშირდება გილაურის სახელს“, – ამბობს იურისტი.
იმედა დვალიძე ასევე აცხადებს: „ისე გავიდა 6 წელი, რომ ინვესტორს სკოლის განვითარებაში ინვესტიციის სახით არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. ამის შემდეგ დაიწყო მენეჯმენტის ცვლილების მცდელობა და ეს საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება. არ დაიცვეს პროცედურები, მათ შორის დირექტორის შერჩევის, არ ჩაატარეს ეს პროცედურები კობისის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად“.
მისივე თქმით, არშემდგარი კრების კანონდარღვეთის დარეგისტრირების მცდელობის შედეგი იყო, რომ საჯარო რეესტრმა არ ასახა ცვლილებები რეესტრში, ინვესტორის განაცხადი დაახარვეზა. იმედა დვალიძის თქმით, სკოლის დამფუძნებლები დიდ ბრიტანეთშიც აპირებენ საქმის წარმოებას.
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ 2006 წელს დააფუძნეს ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ დავით ცეცხლაძემ. 2011 წელს მათ შვილობილი სკოლაც დააარსეს – „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“ (BIST). ორივე კომპანია განათლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და იყენებს კემბრიჯის პროგრამებს. ორივე ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს წევრია (COBIS), სადაც BIST სრულ აკრედიტაციას ფლობს. 2018-2019 წლებში ნათია ჯანაშიას „საქართველოს კაპიტალის“ წარმომადგენელმა ირაკლი გილაურმა კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების და გაფართოების დაფინანსების წინადადებით მიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმი 2019 წლის 6 მაისს გაფორმდა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ინვესტორ კომპანიას თავისი ვალდებულებები საერთოდ არ შეუსრულებია და მისი მხრიდან სკოლის განვითარებაში ინვესტირება დღემდე ნულოვანია.