თბილისი  (GBC) – იანვარში საქართველოში 86.4 მლნ-ის 5 404 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იმპორტირდა. ეს მაჩვენებელი ფულად გამოსახულებაში 11%-ით არის შემცირებული, ხოლო რაოდენობაში 26.1%-ით ნაკლებია წინა წლის იანვარზე (2022 იან: $97 მლნ-ის 7 315 ერთეული). ამ პერიოდში საქართველოდან რეექსპორტზე გასულმა ავტომობილებმა, იმპორტის 121% შეადგინა. 2023 წლის იანვარში რეექსპორტზე $104.3 მლნ-ის 6 076 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორის გიორგი სურგულაძის შეფასებით, შავი ზღვის პორტებში შემოსვლა ძალიან გაიზარდა, თუმცა არა იმპორტის, არამედ რეექსპორტის ხარჯზე. „ტარიფები კლების ტენდენციას განიცდის, თუმცა ვერ ვაიაფებთ, რადგან პორტები გადატვირთულია. ბათუმის პორტში ფაქტობრივად კოლაფსია და ამან კომპანიას დიდი ზარალი მოუტანა“, - აცხადებს სურგულაძე. ბიზნესმენი გამოსავალს მხოლოდ პორტების გამტარუნარიანობის გაზრდაში ხედავს, სხვა შემთხვევაში ავტოგადაზიდვებზე ფასების კლებას რთულ ამოცანად მიიჩნევს.

რეექსპორტი – TOP5 ქვეყანა შემდეგია:

1. აზერბაიჯანი - $29.3 მლნ-ის 2436 ერთეული (რეექსპორტის 28.1%).

2. სომხეთი - $23.6 მლნ-ის 1185 ერთეული (რეექსპორტის 22.6%).

3. ყაზახეთი - $20.9 მლნ-ის 1018 ერთეული (რეექსპორტის 20%).

4. ყირგიზეთი - $16 მლნ-ის 459 ერთეული (რეექსპორტის 15.3%).

5. რუსეთი - $7.1 მლნ-ის 507 ერთეული (რეექსპორტის 6.8%).