თბილისი (GBC) – ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტის პოსტზე ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მან შესაძლოა კრისტინ ლაგარდი შეცვალოს, რომელიც თანამდებობას ვადამდე, 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს. ამის შესახებ Euronews, Financial Times და სხვა მედიასაშუალებები წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

55 წლის ერნანდეს დე კოსი ამჟამად ბაზელში მდებარე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკს (BIS) ხელმძღვანელობს. 2018-2024 წლებში ის ესპანეთის ბანკის (ცენტრალური ბანკის) მმართველის თანამდებობას იკავებდა. მანამდე მუშაობდა ევროპის ცენტრალურ ბანკშიც და ხელმძღვანელობდა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტს.

პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მან ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელ კლაას ნოტზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ერნანდეს დე კოსი 1998 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის დაარსების შემდეგ მისი პირველი ესპანელი პრეზიდენტი გახდება.

საბოლოო დანიშვნა დეკემბერშია მოსალოდნელი, მას შემდეგ, რაც კანდიდატურა აუცილებელ კონსულტაციებს გაივლის ევროპარლამენტსა და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში.

ECB-ის ხელმძღვანელობაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება

ახალი პრეზიდენტის შერჩევის გარდა, ევროზონის ქვეყნებმა ბანკის ხელმძღვანელ პოზიციებზე კიდევ ორი კანდიდატურა შეათანხმეს.

საბაზრო ოპერაციებზე პასუხისმგებელი იზაბელ შნაბელის შემცვლელ კანდიდატად საფრანგეთის წარმომადგენელი ლორანს ბუნი განიხილება. შნაბელის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის 3 იანვარს იწურება.

გერმანელი ეკონომისტი მარკუს ბრუნერმაიერი კი ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის პოსტზე ფილიპ ლეინის შემცვლელად განიხილება. ლეინის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის 31 მაისს სრულდება.

კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადამდე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედი პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ბანკს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. თავდაპირველი გეგმით, მისი უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 29 ოქტომბერს მან თანამდებობის დატოვების განზრახვის შესახებ განაცხადა.

ლაგარდის განმარტებით, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას უფრო მეტი თავისუფლება ექნება, ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის ფარგლებს სცდება. საქმიანობის შესაძლო მიმართულებებს შორის მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც დაასახელა.