თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებმა მხოლოდ 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტში 66,2 მლნ ლარი გადაიხადეს სხვადასხვა გადასახადის სახით.
მათ შორის, ვირტუალური ზონის პირებმა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ დღგ–ს სახით ამ პერიოდში 33 142 127 ლარი გადაიხადეს, ქონების გადასახადის სახით კი (მათ შორის მიწა სასოფლო/არასასოფლო) 235 988 ლარი.
საანალიზო პერიოდში ვირტუალური ზონის პირების იმპორტის გადასახადმა 15 786 ლარი შეადგინა, მოგების გადასახადმა – 8,3 მლნ ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადმა 24,5 მლნ ლარს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1100–მდე IT–კომპანიას აქვს მინიჭებული ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და მათ მიერ განხორციელებული საგადასახადო კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
ადგილობრივი IT-კომპანიების გაძლიერება, ვირტუალური ზონის პირების და საერთაშორისო IT–კომპანიების საგადასახადო შეღავათებით მოზიდვა საქართველოში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ეკონომიკის, დასაქმების ბაზრის და დასაქმებულთა კვალიფიკაციისა თუ ანაზღაურების გაზრდის მიმართულებით.
ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ დარგის საგადასახადო წახალისებით ასობით ქართველი IT–სპეციალისტი ქვეყნიდან გაუსვლელად იღებს შრომის ისეთ ანაზღაურებას, როგორსაც მათი კოლეგები იღებენ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. ასოციაციაში ასევე ამბობენ, რომ ახალგაზრდა თაობა კარგად ხვდება, რომ მომავალი ტექნოლოგიებშია და მიიჩნევენ, რომ IT ბაზარზე აპელირება არ უნდა მოხდეს მხოლოდ კოდების წერაზე და აუცილებელია სხვა IT მიმართულებების პოპულარიზაციაც მოხდეს. ამ ყველაფრისთვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობის დახვეწას, დარგის პოპულარიზაციას რათა სხვა ქვეყნებში არ მოხდეს ამ დარგის გლობალური კომპანიების ლოკაციის გადამისამართება. მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში საქართველოს ბევრი კონკურენტი ქვეყანა ჰყავს, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით ცდილობენ საერთაშორისო IT კომპანიების გადაბირებას საკუთარ ბაზრებზე.
თუმცა, ამ ინდუსტრიას გარკვეული პრობლემები ბოლო წლებში უკვე შეექმნა, რაც საგადასახადო კანონმდებლობის ბუნდოვანი ჩანაწერით იყო გამოწვეული. ეს კი საგადასახადო უწყებების მხრიდან ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა, რის საფუძველზეც კომპანიები მილიონობით ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულმა გარემოებამ ამ კომპანიების მოტივაციას საგრძნობლად დაარტყა და ასევე ამ პროცესებმა საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას. თუმცა, ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთო მთავრობასთან კომუნიკაციაში, ბოლო პერიოდში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით არის და ფინანსთა სამინისტროსგან შემხვედრი ნაბიჯების იმედებიც გაჩნდა. კერძოდ, ასოციაციის წევრები ბიზნესისა და სახელმწიფოს პოზიციების დაახლოებაზე, დარგის მიმზიდველობის პოპულარიზაციაზე, კანონმდებლობის დახვეწასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.