თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში. ცვლილებების ამოქმედების შედეგად ქვეყანაში საერთაშორისო აზარტული ტურნირების გამართვა ოფიციალურად დასაშვები ხდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საბოლოო კენჭისყრაზე მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.
ორდღიანი განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი რამდენიმე მიმართულებით დაკორექტირდა:
- უცხოელი მონაწილეების კვოტა: საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს (პირველად ვარიანტში 70%-იანი ზღვარი იყო განსაზღვრული).
- სანქციები: საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის კანონით 50 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა.
აღსანიშნავია, რომ განხილვის პროცესში პროექტიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზებისთვის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
