თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასატო კანდამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის როლი რეგიონულ დაკავშირებადობაში მაღალ დონეზე შეაფასა. კანდას განცხადებით, ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით, რათა ქვეყანამ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი „რეგიონული კარიბჭის“ სტატუსი განიმტკიცოს.

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის პრიორიტეტები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მასატო კანდამ პრემიერ-მინისტრს მიულოცა „ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები“ და რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება.

„ეს არის საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ დაკავშირებადობას“, - აღნიშნა ADB-ის პრეზიდენტმა რიკოთის მონაკვეთზე საუბრისას.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარებაში ბანკის მონაწილეობა იყო. მხარეებმა ასევე იმსჯელეს აეროპორტების მოდერნიზაციასა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე.

კანდას თქმით, ADB მზადაა, ინოვაციური პროექტებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით დაეხმაროს საქართველოს იმ სტრატეგიული ამბიციების მიღწევაში, რომლებიც ევრაზიულ სივრცეში ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის ზრდას უკავშირდება.