თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ „საქართველოს რკინიგზის“ განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაგეგმილი რეფორმების შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება, მგზავრთნაკადის წლიური მაჩვენებელი კი 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება.

გეგმის მიხედვით, სახელმწიფო მასშტაბურ ინვესტიციას განახორციელებს მოძრავი შემადგენლობის განსაახლებლად. კერძოდ, იგეგმება:

  • 50 ახალი ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შესყიდვა
  • 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, ყველა მაგისტრალური რეისი ახალი შემადგენლობებით შეასრულოს
  • თანამედროვე სარკინიგზო სისტემების დანერგვა საოპერაციო პროცესების გასაუმჯობესებლად

ახალი მიმართულებები და მგზავრობის შემცირებული დრო

პრემიერის განცხადებით, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. გარდა ამისა, აგვისტოში დასრულდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი:

  • თბილისი-ბათუმი: რეაბილიტაციის შედეგად მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება და 5.5 საათის ნაცვლად 4 საათი გახდება
  • თბილისი-ახალციხე: აღდგება 2009 წლიდან გაუქმებული რეისი. მგზავრობის დრო კი განახევრდება და 6 საათის ნაცვლად 3 საათს შეადგენს

ისტორიული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ სრული რეაბილიტაციის შესახებ. პროექტი მოიცავს როგორც მატარებლის, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და 5 სადგურის განახლებას.

„ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.