თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ ამერიკული მხარის დაბალ დაინტერესებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების პროაქტიული მცდელობებისა, აშშ-ის ბიზნესსექტორის მხრიდან ინვესტირების რეალური სურვილი არ გამოკვეთილა.

პარასკევს, 3 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრისას სპიკერმა განმარტა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში ნათქვამი ფრაზა - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“. პაპუაშვილის თქმით, ეს გამონათქვამი სწორედ ეკონომიკური ინტერესის არარსებობას ეხებოდა.

„მიზანმიმართული მცდელობა იყო, დაგვეინტერესებინა არა მხოლოდ ამერიკელი ინვესტორები, არამედ აშშ-ის ხელისუფლებაც... სამწუხაროდ, ინტერესი ვერ გავუღვივეთ. სწორედ ამას გულისხმობდა განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ჰქონოდა აშშ-ს შავ ზღვაში ეკონომიკური ინტერესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სტრატეგიული პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ეროვნული ინტერესების დაცვაა. მისი თქმით, ყველა შეთანხმება ისე ფორმდება, რომ სახელმწიფო ფლობდეს უმრავლესობას და ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა.

პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ინტერესებში შედის ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით.

სპიკერის განცხადებით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგი პირობების წამოყენების გარეშე, ურთიერთინტერესების საფუძველზე მიმდინარეობს და საქართველო კვლავ ღიაა ამერიკული ინვესტიციებისთვის.