თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალი მაკროეკონომიკური განახლებაში "ახლო აღმოსავლეთი: პოტენციური გავლენის უცვლელი შეფასება, თუმცა სიახლე აშშ დოლარის მხრივ" წერს, რომ ირან–ისრაელის დაპირისპირების მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი. თუმცა, თიბისი კაპიტალი გამოყოფს გადაცემის ძირითად არხებს და ამბობს, რომ იმაზე, რაზეც საინვესტიციო კომპანია აქამდე საუბრობდა, ეს არგუმენტები სიახლეს არ წარმოადგენს, გარდა ერთი გამონაკლისისა: აშშ დოლარის უსაფრთხო ვალუტის სტატუსის დასუსტება.
„დავიწყოთ პირდაპირი გავლენის შეფასებით. მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. 2024 წელს ისრაელზე საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჯამური შემოდინების 5%, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების 10% მოდიოდა. დღეის მდგომარეობით, ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურული რჩება. ამავდროულად, მიუხედავად ოფიციალური შეზღუდვების არარსებობისა, კონფლიქტურ არეალთან სიახლოვის გამო მოსალოდნელია ფრენების შემცირება რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად საუდის არაბეთიდან, რომელიც ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლებში მზარდი წილით ხასიათდება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა - 7.5% ბოლო ხუთ დღეში - გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოყოფს, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პ.პ.-ის წვლილი შეიტანა, რაც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასების კვლავ ზრდის შემთხვევაში მოცემულ დეზინფლაციურ ზეწოლას შეასუსტებს. ასევე, საყურადღებოა ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის შესაძლო გაძვირებაც.
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ზემოაღნიშნული არგუმენტები კარგად ნაცნობია, თუმცა არის მნიშვნელოვანი სიახლეც: როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. წინა პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი ფართოდ საუბრობდა აშშ დოლარის უჩვეულო, განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებისთვის დამახასიათებელ ქცევაზე. რას ნიშნავს ეს? შესაბამისად, თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს" უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს.
უფრო კონკრეტულად, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ევრო/დოლარის წყვილის გრძელვადიანი წონასწორული ნიშნული 1.29-ზე რჩება, საქართველოსთვის შედარებითი რისკიანობის გათვალისწინებით კი უფრო დაბალი, 1.18-ია. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ, რადგან საქართველოსთვის ევრო დოლართან შედარებით ნაკლებად რისკიანია, სესხის აღებისას ევროს უფრო მაღალი წილია ოპტიმალური, ვიდრე ეს თანაბარი რისკის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სცენარიც, როდესაც ევროს გამყარებას, შესაძლოა, ლარის გამყარება არ მოჰყვეს, რაც, ამ კონკრეტულ სცენარში, სესხებში უკვე ნაკლები ევროს არგუმენტია, ისევე როგორც აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება.
მთლიანობაში, რა არის თიბისი კაპიტალის განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, მიუხედავად უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილებისა, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება კვლავ ევროში უფრო ნაკლებად, მაგრამ შედარებით ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.