თბილისი (GBC) – საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება – თარიღი, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათიათასობით მოქალაქემ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართა.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტი რესპუბლიკების სახელმწიფო ენების სტატუსის ცვლილებას ითვალისწინებდა. თბილისში გამართული მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება მოახერხა. 14 აპრილი მოგვიანებით ოფიციალურად გამოცხადდა დედაენის დღედ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.
დედაენის დღე საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამოქალაქო თარიღად მიიჩნევა და ქვეყნის ენობრივ და კულტურულ იდენტობას უკავშირდება.