თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 8.9%-ით გაიზარდა და 1,354 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 23.7%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა (ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).
ბათუმში 2025 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3.7%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამასთან, ბათუმში 2025 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,203 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველადი ბაზრით, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 23.6%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.