თბილისი (GBC) – British Airways-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - ავიაკომპანია ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით 2025 წლის მარტიდან შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან  დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.

British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.

British Airways მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია  საქართველოს,  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.