თბილისი (GBC) - საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტის“ შეფასებით, ირანის გარშემო მიმდინარე კონფლიქტისა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოწვეული რყევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მინიმალური იქნება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეგიონული საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მიუხედავად, ქვეყნის ძირითადი სავალუტო შემოდინებები - ტურიზმი, ექსპორტი, გზავნილები და უცხოური ინვესტიციები - მოსალოდნელი შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს.
"ირანზე პირდაპირი ეკონომიკური დამოკიდებულება დაბალია
საქართველოს ირანთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები მცირეა. 2025 წელს ირანის წილი საქართველოს მთლიან სავალუტო შემოდინებებში (ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები) მხოლოდ 0.9% იყო. გარდა ამისა, 2025 წელს ისრაელსა და ირანს შორის 12 დღიან კონფლიქტსაც საქართველოზე თვალსაჩინო მაკროეკონომიკური გავლენა არ მოუხდენია. ეს აჩვენებს, რომ მოკლე დროით მიმდინარე და გეოგრაფიულად შეზღუდული ესკალაციები, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკაზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კვლავ ცვალებადია, ეკონომიკური გავლენა ძირითადად დამოკიდებული იქნება არა თავად პირველად ესკალაციაზე, არამედ იმაზე თუ რამდენ ხანს გასტანს ეს დაძაბულობა.
საბაზისო ხედვა: მოკლევადიანი შეფერხებები
თუ დაძაბულობა განიმუხტება და შეფერხებების გავლენა შეზღუდული დარჩება - როგორც ამ ეტაპზე ველით - საქართველოს ეკონომიკაზე ეკონომიკური გავლენა იქნება მცირე და დროებითი. სცენარში, როდესაც კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის ზრდა ჩვენი 6%-იანი საბაზისო პროგნოზიდან მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით შენელდება. ინფლაციური ეფექტები დარჩება ზომიერი და უმეტესად გარდამავალი.
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ირანზე, ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე
საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან, ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ზომიერია და ძირითადად რამდენიმე არხშია კონცენტრირებული, განსაკუთრებით ტურიზმში.
ირანთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მცირეა. 2025 წელს ირანის წილი საქართველოს მთლიან სავალუტო შემოდინებებში მხოლოდ 0.9% იყო. ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 2.6%-ს შეადგენდა, ხოლო საქონლის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 0.5% იყო. ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ირანიდან შემოდინებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება. ეს მიუთითებს, რომ მხოლოდ ირანთან დაკავშირებული მოკლევადიან შეფერხებებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე.
ისრაელი საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. 2025 წელს ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 12.5% იყო, ხოლო ფულადი გზავნილების წილი 7.6%. ამასთან, საქონლის ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა და თითოეული დაახლოებით მშპ-ის 0.1%-ს შეადგენს. მთლიანობაში, 2025 წელს ისრაელის წილი საქართველოს სავალუტო შემოდინებებში მშპ ის დაახლოებით 2.5% იყო, რაც ზომიერ დამოკიდებულებას მიუთითებს.
საქართველოს ეკონომიკური კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც მცირეა, თუმცა დივერსიფიცირებულია ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. 2025 წელს ყურის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 4.5% იყო, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი 4.2%. მიუხედავად ამისა, ეს ნაკადები მთლიან ეკონომიკასთან შედარებით მცირეა და მშპ-ის დაახლოებით 1.1%-ს შეადგენს. მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მგრძნობიარე არხად კვლავ ტურიზმი რჩება.
იმპორტზე დამოკიდებულება: ირანიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ერთობლივმა იმპორტმა 2025 წელს მთლიან იმპორტში დაახლოებით 4.1% შეადგინა; ძირითადი კატეგორიებია ტელეფონები, სამშენებლო მასალები და სხვა დივერსიფიცირებული იმპორტი. აღნიშნული პროდუქტები მარტივად შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა ქვეყნებმა როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი, რაც მიუთითებს, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტის შეფერხებამ ნაკლებად სავარაუდოა, არსებითად იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზე.
საერთო ჯამში, საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან, ისრაელთან და ყურის ქვეყნებთან მიუთითებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირდაპირი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება კონფლიქტის მოკლე პერიოდში დასრულების შემთხვევაში", - ვკითხულობთ გალტ&თაგარტის მიმოხილვაში.