თბილისი (GBC) - momxmarebeli.ge-ს ანგარიშში საუბარია, რომ "კვლევის ფარგლებში გამოკითხული 534 მეფუტკრიდან მხოლოდ 6-მა დაასახელა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონი, ხოლო 84-მა განაცხადა, რომ სმენია სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ, მაგრამ ვერ დააკონკრეტა ისინი".
ამასთან, კვლევის თანახმად, მეფუტკრეთა 30%-მა არ იცოდა, რომ თაფლის უვნებლობის მოთხოვნების კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) ევალება.
ამავე დროს, მეფუტკრეთა 82%-ზე მეტს მიაჩნდა, რომ მათი ტექნიკური შესაძლებლობები თაფლის წარმოების პროცესში პროდუქტისთვის დადგენილ ნორმებსა და მოთხოვნებს შეესაბამებოდა.
გარდა ამისა, მეფუტკრეთა უმეტესობას (76.2%) საკუთარი პროდუქცია ლაბორატორიულად არ შეუმოწმებია და ამის მიზეზად, 92%-მა ტესტირების საჭიროების არარსებობა დაასახელა.
Momxmarebeli.ge-ს ცნობით, მეფუტკრეებს უჭირთ საკანონმდებლო ცვლილებებისა და მოთხოვნების მიღება-განხორციელება, ისინი არ აკეთებენ ჩანაწერებს ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებასა და პროდუქციის მიწოდებაზე, რაც მიკვლევადობას ართულებს.
„ისინი, ასევე, ნაკლებად მიმართავენ სეს-სა, თუ კერძო ვეტერინარებს, რაც დაავადებების დროულ პრევენციას აფერხებს. გარდა ამისა, არ არსებობს პრაქტიკა მეფუტკრეებმა სეს-ს წინასწარ აცნობონ თავისი სკების სეზონური გადაადგილების თაობაზე (რისი ვალდებულებაც გააჩნიათ), რაც გავრცელებულია მეფუტკრეობაში პროდუქტიულობის გასაზრდელად. ეს აგრეთვე უწყობს ხელს დაავადებების გავრცელებას. მეფუტკრეები საკუთარი მეურნეობების რეგისტრაციისგანაც იკავებენ თავს, რაც აფერხებს სექტორში უვნებლობის კონტროლის განხორციელებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.